English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ცოტნე ჟღენტი
ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების დონეების შედარება საქართველოში

გაფართოებული რეზიუმე

ინსტიტუციური განვითარება მნიშვნელოვანია საკითხია მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად ნაწილში შემავალი ეკონომიკებისთვის. ინსტიტუციურ ცვლილებათა თემა განსაკუთრებით მგრძნობიარე არის განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის პოსტ კომუნისტური ეკონომიკებისთვის, ისეთი როგორც საქართველოა. ინსტიტუციური განვითარების აქტუალობა იზრდება დღევანდელ მსოფლიოში, სადაც სწრაფად იცვლება ინსტიტუტების როლი ეკონომიკაში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 25 წლის შემდეგ, საქართველოს პროდუქტი ეკონომიკა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა 90-იანების რეცესიამდელ შემოსავლების დონეს. მიუხედავად წარმატებული ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმებისა, მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე ჯერაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება არათუ დასავლეთ, არამედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რესპუბლიკების შესაბამის მაჩვენებლებს. პოსტ-კომუნისტურ საქართველოს წილად ხვდა როგორც ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური ჩამორჩენა დანარჩენ პოსტ კომუნისტურ ევროპულ ქვეყნებთან, რომელთა ნაწილმაც მოახდინა სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებში ღრმა ინტეგრაცია.

კვლევის მეცნიერული სიახლე, ინსტიტუციური სტრუქტურის სხვადასხვა განზომილების ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირება საქართველოს მაგალითზე, რაც გამოისახება ერთის მხრივ ინსტიტუციური და ეკონომიკური ჩამორჩენის ერთდროული შეფასებით, ასევე ინსტიტუციურ ჯგუფებსა და ეკონომიკურ ცვლადებს შორის კავშირების აღმოჩენით.

კვლევის მიზანია მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაში არსებული ინსტიტუტების შეფასება, კავშირების შესწავლა სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის და მათი შედარება დანარჩენი პოსტკომუნისტური ქვეყნების ინსტიტუტებთან. ასევე, საქართველოს ინსტიტუციური და ეკონომიკური ჩამორჩენის გაანალიზება დინამიკაში.

კვლევაში გამოიყენება ინსტიტუტების დაჯგუფების ორ მეთოდი (როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომბინაციურად). პირველი, ყველაზე გავრცელებული ინსტიტუციური დაჯგუფება მოცემულია ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი დუგლას ნორტის მიერ. ის მოიცავს ინსტიტუტების (ნორმების) დაყოფას ორ ფართო ჯგუფად: ფორმალური და არაფორმალური. მეორე თეორიული დაჯგუფება არის შიდა და გარე ინსტიტუტები, რომელიც ერთ-ერთი პირველი ნახსენებია გერმანელი ეკონომისტის ლუდვიგ ლაჰმანის მიერ 1973 წელს. ნორმა არის გარე, თუ მის აღსრულებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, ხოლო შიდა ნორმის სანქცირება ხდება უშუალოდ საზოგადოების მიერ [ვოიგტი , 2016].

თანამედროვე გერმანელი ეკონომისტი სტეფან ვოიგტი 2016 წლის ნაშრომში კი გვთავაზობს ამ ზემოთმოცემულ ორივე მიდგომის ერთდროულ გამოყენებას, რითაც ჩვენ მივიღებთ ორ განზომილებიან ინსტიტუციურ სტრუქტურას 4 ჯგუფის შემადგენლობით. ეს ჯგუფებია: ფორმალური შიდა, ფორმალური გარე, არაფორმალური შიდა და არაფორმალური გარე.

საქართველოში და სხვა პოსტ კომუნისტურ ქვეყნებში არსებული ინსტიტუციური დონის შეფასებისთვის გამოყენებულია გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსები, რომელიც გაიანგარიშება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ყოველწლიურ კონკურენტუნარიანობის ანგარიშის ფარგლებში. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მოიცავს ინფორმაციას 140 ქვეყნის შესახებ და თითოეული მათგანისთვის აერთიანებს ინდექსებს 12 ძირითად ჯგუფში. ამ ჯგუფებიდან, ნაშრომისთვის საინტერესოა 1-ლი ჯგუფი - „ინსტიტუტები“. მოცემული ჯგუფი მოიცავს 21 ინსტიტუციურ ინდიკატორს გაერთიანებულ 7 ქვე-ინდექსად. ინსტიტუციური ინდიკატორების წყარო არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევები.

ინსტიტუციური და ეკონომიკური ჩამორჩენის შესაფასებლად საქართველოს ინსტიტუციური და ეკონომიკური მაჩვენებლები შევადაროთ რეგიონის (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის) სხვა პოსტკომუნისტურ რესპუბლიკებს, ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და უკრაინა.

პოსტ კომუნისტურ ევროპულ ქვეყნებში, იკვეთება დადებითი დამოკიდებულება შემდეგ ორ ცვლადს შორის - გლობალური კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტების ინდექსი და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა (2016 წელი). თუმცა საქართველოს შემთხვევაში, ქვეყანას აქვს ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ინსტიტუციური განვითარების კუთხით, მაგრამ იკვეთება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ჩამორჩენა უმეტეს ქვეყნებთან შედარებით.